მოდის ტენდენციები მერყევი და ცვალებადია. რთულია, განსაზღვრო რამდენ ხანს გასტანს ამა თუ იმ ფერისა და სტილის აქტუალობა. ცნობილია, რომ როცა მოდური სამოსის მასობრივი კოპირება ხდება, ის შთამბეჭდაობასა და ორიგინალობას კარგავს, რის გამოც, დიზაინერები ახალ ტენდენციებს ამკვიდრებენ. ამის მიუხედავად, მოდის ინდუსტრიაში დღემდე არსებობს პოპულარული ეთნიკური ელემენტები, რომლებიც წლების მანძილზე ინარჩუნებს ხიბლს და არ ანელებს ინტერესს.
შოტლანდიური ქსოვილი, რომლითაც ისტორიულად შოტლანდიელი ჯარისკაცის ეროვნული სამოსი იკერებოდა, როგორც ფანტაზიის ელემენტი, დღემდე ცოცხლობს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში და უდავოდ პოპულარულია. ქსოვილი ავლენს მოხატულობის უნიკალობას. ეს არის შალის უჯრედოვანი ქსოვილი, რომელზეც ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზები სიმეტრიულად კვეთს ერთმანეთს. ხაზთა რაოდენობა, სიგანე და ფერთა თანმიმდევრობა წინასწარ განსაზღვრულია. ქსოვილზე ცალკეული ხაზები ეგრედ წოდებულ საყრდენ წერტილებს ქმნის, რომლის საშუალებითაც უჯრედები ზუსტი კოპირებით მეორდება. ქსოვილზე წარმოდგენილი ფერები ტრადიციულად შოტლანდიის გერბის ფერთა ანალოგიური იყო. ხოლო მისგან შეკერილი სამოსი შოტლანდიის სიმბოლოთა შორის ყველაზე ძლევამოსილ, რომანტიკულ და დრამატულ სიმბოლოს წარმოადგენდა. ქსოვილისთვის ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ფერები იყო ყვითელი, მწვანე, ლურჯი, შავი და წითელი, თუმცა თითოეულ სამოსში მხოლოდ ოთხი ფერის კომბინაცია იყო დასაშვები. ფერს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, რადგან ყოველი ფერი ცალკეულ კლანთან ასოცირდებოდა და მათ იდენტობას განსაზღვრავდა. შესაბამისად, კლანის წევრებს სამოსის ფერის სურვილისამებრ შერჩევა არ შეეძლოთ. ეს იყო მე-19 საუკუნის ვიქტორიანულ ერაში, დღეს კი ქსოვილის მწარმოებელი კომპანიები უჯრედებიანი ქსოვილის უამრავ სახეობას ქმნიან კომერციული მიზნებისთვის. თუკი შოტლანდიური ქსოვილის ძველებური ფერები ნათელი იყო, თანამედროვე ფერები უფრო ნათელია და კაშკაშა, რასაც ქიმიური საღებავებით ხელოვნურად ქმნიან. შეცვლილი, რეპროდუცირებული ფერები ძველებური იერის სიმულაციას ახდენს.
შოტლანდიური უჯრედებიანი ქსოვილის მოხატულობა ბრიტანეთის ერთ-ერთი უდიდესი მოდის სახლის „ბარბერი გრუპის“ გამორჩეულ სავაჭრო ნიშნად ითვლება. „ბარბერი გრუპი“ 1856 წელს დიზაინერმა ტომას ბარბერიმ დააარსა. შავი, ღია ყავისფერი და წითელი მოხატულობის უჯრედებიანი ქსოვილი, რომელიც ცნობილია, როგორც „ბარბერის კლასიკური უჯრედები“, თავდაპირველად, დიზაინერმა ბრიტანეთის არმიის სამხედრო პალტოების სარჩულად გამოიყენა. „ბარბერის უჯრედები“, დღეს უკვე რეგისტრირებული მარკა, 1967 წელს ფართოდ გამოყენებადი ქსოვილი იყო. იქმნებოდა სხვადასხვა სახის სამოსი, ყელსახვევები, ჩანთები, სამგზავრო ჩემოდნები, ქოლგები... და ეს ყველაფერი, ძირითადად, ახალგაზრდებისთვის იყო განკუთვნილი. დღემდე, „ბარბერი გრუპი“ შოტლანდიური „კლეტკის“ კოპირებას განაგრძობს. ასეთი ქსოვილები წარმოდგენილია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იქმნება ქსოვილთა უამრავი სახეობა. თუკი ტრადიციული შოტლანდიური ქსოვილი შალისგან მზადდებოდა, დღეს ეს უჯრედები გვხვდება ტყავზე, ჯინსსა და სხვა ქსოვილებზე. სხვადასხვა ქვეყნებში ამ ქსოვილებით დიზაინერები ყოველდღიურად მოხმარებად სამოსს ქმნიან. იკერება უნიფორმები, ფართო გამოყენება აქვს სპორტულ შეჯიბრებებში და, რაც მთავარია, მოიხმარენ ცალკეული ადამიანები.

No comments:
Post a Comment