Monday, January 27, 2014

მოდის პოეზია

მოდის ტენდენციები მერყევი და ცვალებადია. რთულია, განსაზღვრო რამდენ ხანს გასტანს ამა თუ იმ ფერისა და სტილის აქტუალობა. ცნობილია, რომ როცა მოდური სამოსის მასობრივი კოპირება ხდება, ის შთამბეჭდაობასა და ორიგინალობას კარგავს, რის გამოც, დიზაინერები ახალ ტენდენციებს ამკვიდრებენ. ამის მიუხედავად, მოდის ინდუსტრიაში დღემდე არსებობს პოპულარული ეთნიკური ელემენტები, რომლებიც წლების მანძილზე ინარჩუნებს ხიბლს და არ ანელებს ინტერესს.



შოტლანდიური ქსოვილი, რომლითაც ისტორიულად შოტლანდიელი ჯარისკაცის ეროვნული სამოსი იკერებოდა, როგორც ფანტაზიის ელემენტი, დღემდე ცოცხლობს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში და უდავოდ პოპულარულია. ქსოვილი ავლენს მოხატულობის უნიკალობას. ეს არის შალის უჯრედოვანი ქსოვილი, რომელზეც ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზები სიმეტრიულად კვეთს ერთმანეთს. ხაზთა რაოდენობა, სიგანე და ფერთა თანმიმდევრობა წინასწარ განსაზღვრულია. ქსოვილზე ცალკეული ხაზები ეგრედ წოდებულ საყრდენ წერტილებს ქმნის, რომლის საშუალებითაც უჯრედები ზუსტი კოპირებით მეორდება. ქსოვილზე წარმოდგენილი ფერები ტრადიციულად შოტლანდიის გერბის ფერთა ანალოგიური იყო. ხოლო მისგან შეკერილი სამოსი შოტლანდიის სიმბოლოთა შორის ყველაზე ძლევამოსილ, რომანტიკულ და დრამატულ სიმბოლოს წარმოადგენდა. ქსოვილისთვის ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ფერები იყო ყვითელი, მწვანე, ლურჯი, შავი და წითელი, თუმცა თითოეულ სამოსში მხოლოდ ოთხი ფერის კომბინაცია იყო დასაშვები. ფერს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, რადგან ყოველი ფერი ცალკეულ კლანთან ასოცირდებოდა და მათ იდენტობას განსაზღვრავდა. შესაბამისად, კლანის წევრებს სამოსის ფერის სურვილისამებრ შერჩევა არ შეეძლოთ. ეს იყო მე-19 საუკუნის ვიქტორიანულ ერაში, დღეს კი ქსოვილის მწარმოებელი კომპანიები უჯრედებიანი ქსოვილის უამრავ სახეობას ქმნიან კომერციული მიზნებისთვის. თუკი შოტლანდიური ქსოვილის ძველებური ფერები ნათელი იყო, თანამედროვე ფერები უფრო ნათელია და კაშკაშა, რასაც ქიმიური საღებავებით ხელოვნურად ქმნიან. შეცვლილი, რეპროდუცირებული ფერები ძველებური იერის სიმულაციას ახდენს.

შოტლანდიური უჯრედებიანი ქსოვილის მოხატულობა ბრიტანეთის ერთ-ერთი უდიდესი მოდის სახლის „ბარბერი გრუპის“ გამორჩეულ სავაჭრო ნიშნად ითვლება. „ბარბერი გრუპი“ 1856 წელს დიზაინერმა ტომას ბარბერიმ დააარსა. შავი, ღია ყავისფერი და წითელი მოხატულობის უჯრედებიანი ქსოვილი, რომელიც ცნობილია, როგორც „ბარბერის კლასიკური უჯრედები“, თავდაპირველად, დიზაინერმა ბრიტანეთის არმიის სამხედრო პალტოების სარჩულად გამოიყენა. „ბარბერის უჯრედები“, დღეს უკვე რეგისტრირებული მარკა, 1967 წელს ფართოდ გამოყენებადი ქსოვილი იყო. იქმნებოდა სხვადასხვა სახის სამოსი, ყელსახვევები, ჩანთები, სამგზავრო ჩემოდნები, ქოლგები... და ეს ყველაფერი, ძირითადად, ახალგაზრდებისთვის იყო განკუთვნილი. დღემდე, „ბარბერი გრუპი“ შოტლანდიური „კლეტკის“ კოპირებას განაგრძობს. ასეთი ქსოვილები წარმოდგენილია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იქმნება ქსოვილთა უამრავი სახეობა. თუკი ტრადიციული შოტლანდიური ქსოვილი შალისგან მზადდებოდა, დღეს ეს უჯრედები გვხვდება ტყავზე, ჯინსსა და სხვა ქსოვილებზე. სხვადასხვა ქვეყნებში ამ ქსოვილებით დიზაინერები ყოველდღიურად მოხმარებად სამოსს ქმნიან. იკერება უნიფორმები, ფართო გამოყენება აქვს სპორტულ შეჯიბრებებში და, რაც მთავარია, მოიხმარენ ცალკეული ადამიანები.

როგორ შეიქმნა მოდა



ვის უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ დღეს მოდა საერთოდ არსებობს?!
– „მეფე-მზე“ ლუდოვიკო მეთოთხმეტეს. იმ დროს საფრანგეთში ოქროს ხანა იყო – დიდებული ცერემონიები, ყოველდღიური ზეიმები და მეჯლისები, ფუფუნება და ზრუნვა ახალ ტანსაცმელზე. ლუდოვიკო მეთოთხმეტეს დაწყებული საქმე მარია-ანტუანეტამ განაგრძო“, რომელიც საფრანგეთში ავსტრიიდან ჩამოვიდა და გადაწყვიტა, თავისი ჩაცმულობით ყველა გაეკვირვებინა. დედოფლისთვის ახალ-ახალ კაბებს კარის მკერავი როზა ბერტენი ქმნიდა, რომელსაც მოგვიანებით „მოდის მინისტრის“ ტიტული მიანიჭეს. სწორედ როზა ბერტენის ქმნილებაა სახელგანთქმული კრინოლინი. ასევე, წარმოუდგენელი სიმაღლის და „არქიტექტურის“ ვარცხნილობები, რომელშიც მარტო ყვავილებს კი არა, არამედ ბაფთებს, ლენტებს, ძვირფასეულობას, მინიატურულ ხომალდებს და წისქვილსაც კი იპოვიდით. ბერტენის შემდეგ დაიწყო ის ეპოქა, როცა მკერავები უბრალოდ მკერავები კი არ იყვნენ, არამედ ნელ-ნელა „კუტიურიეებად“ იქცნენ. მაგალითად, მადამ ბერტენის შეკერილი კაბა იმაზე ოცჯერ მეტი ღირდა, ვიდრე იმდროინდელი მკერავის წლიური შემოსავალი.
„მაღალი მოდის“ ნამდვილი მამა, ინგლისელი ჩარლზ ფრედერიკ ვორტი იყო, რომელმაც ოცი წლის ასაკში გადაწყვიტა, დაეპყრო ქალბატონების გულები. 1858 წელს მან საკუთარი სახელოსნო გახსნა. ბიზნესში ცოლი ეხმარებოდა. ის მოდის სამყაროში პირველ მოდელად იქცა. არასტანდარტული მოდელებითა და ტანსაცმლის სტილით ვორტმა მალე გაითქვა სახელი. ის საფრანგეთის საიმპერატორო კარის მთავარ დიზაინერად იქცა. იმპერატრიცა, ნაპოლეონ მესამის მეუღლე მხოლოდ მის შეკერილ კოსტიუმებს იცვამდა. მალე მოდის მიმდევარი ყველა ფრანგი ქალი ოცნებობდა, ვორტთან ჩაეცვა. ვორტი პირველი იყო, ვინც კოლექციების შექმნა დაიწყო, თანაც პირველმა დაყო ის სეზონების მიხედვით. 1868 წელს ვორტმა დააარსა პირველი სინდიკატი „მაღალი მოდის სახლების პალატა“, რომელიც დღემდე არსებობს.
 წყარო

მოდის ისტორია

მოდა (ფრანგ. mode, ლათ.-გან modus — ზომა, სახე, საშუალება, წესი) — ტერმინი, რომელიც გამომსახველობის (ექსპრესიის) გაბატონებულ მიმდინარეობას მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მასში ასევე ჩაქსოვილია იდეა, რომ მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე კულტურა ზოგადად. ტერმინები "მოდური" ან "მოდიდან გასული" გამოიყენება ვინმეზე ან რაიმეზე, რომელიც ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და სტილისა და მომხიბვლელობის სინონიმია. თუმცა ხანდახან მოდას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერების და მატერიალიზმის სინონიმს.

მოდა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებულ ტენდენციას გარკვეული საგნების ტარებისა, მათი ხმარებისა და ასევე მათი შექმნისა. ასეთი ტენდენცია როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. ის დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი პროცესების შედეგად ახალი მიმდინარეობითა და ტენდენციებით ნაცვლდება. ამიტომ მოდა იმ დროის წყობილებისა და იდეების გამოხატულებაა, რომელშიც ის იქმნება.